მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა განიხილეს.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს.
განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება.
შეხვედრის შემდეგ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, სამუშაო სადილი გაიმართა", - ნათქვამია განცხადებაში.
ღარიბაშვილი უნგრეთში იმყოფება, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.